აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
საკითხი კიდევ ერთხელ ჰეიდი ტალიავინის ინტერვიუს შემდეგ გააქტიურდა. მმართველი გუნდის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთს, სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, რაც ტალიავინმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ დაადასტურა. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდის თქმით, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გასცა როგორც ჰააგის, ისე სტრასბურგის სასამართლომ, საკითხის გააქტიურება კი სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს.