საქართველო ახალი დეკლარაციის მოლოდინში.
უკვე მესამე საათია, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს. თანამშრომლობის ახალი ფორმატი, მეტი წვდომა ევროკავშირის ეკონომიკურ ბაზარზე, ქვეყნის ევროპული მისწრაფების ასახვა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადასაჭრელად – ეს არის სამი მთავარი ჩანაწერი, რასაც ქართული მხარე სამიტის შემდეგ მისაღებ დეკლარაციაში ელოდება. წინასწარი განცხადებების ფონზე ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი სამიტის შემდეგ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან, როგორც ასოცირებული ტრიოს წევრ ქვეყნებთან, თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. სამიტის მნიშვნელობას ზრდის ის გარემოებაც, რომ დღის წესრიგის მთავარი თემაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. დღის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები დღევანდელი შეხვედრის შედეგებს მედიის წინ შეაჯამებენ, პრეს-კონფერენცია გვიან ღამით დაიწყება.