აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ევროკავშირისთვის საკმაოდ დაძაბულ პერიოდს ემთხვევა. გაერთიანებას ორი გამოწვევა აქვს ბელარუსის და უკრაინის საზღვრებთან გამწვავებული ვითარების სახით. საგარეო საქმეთა მინისტერიალში ოფიციალური მინსკი არ მონაწილეობს, რადგან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბრიუსელის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ბელარუსმა პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა. ევროკავშირის აზრით, მინსკი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან დაძრულ მიგრანტთა ნაკადს ბრიუსელის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს. რაც შეეხება უკრაინას, ქვეყნის საზღვრებთან ბოლო პერიოდში რუსეთის დამატებითი შეიარაღების და სამხედრო ძალის კონცენტრირების გამო დასავლეთი მოსკოვს აფრთხილებს. კიევი ევროპისგან რუსეთის წინააღმდეგ ახალ შემაკავებელ ზომებს ითხოვს.