სუს-ის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა 112-ზე დარეკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო. ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულს ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ჩადენილ ქმედებებს ვერ აცნობიერებს. მან დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
სუს-მა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ალეკო ბერძენიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.