საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე ნარკოდამოკიდებულებაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3 500 დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა. დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ქრთამის აღება ედება ბრალად. ხოლო ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალდება თაღლითობისა და საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაასრულა, ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.