აფხაზეთობა და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია 23 მაისს წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან ერთად, აფხაზეთობას აღნიშნავს. „აფხაზეთის დღე“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, 2014 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელისა“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვასა და ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ. ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.