ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი

ისევ უცნობია, გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო სადავო კანონზე ხელისუფლების ოპონენტები ვეტოს დადებას ითხოვენ. საკუთარი არგუმენტები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილს ინდივიდუალურად გუშინ გააცნეს.

ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ოპოზიციისთვის გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, სანქციები იზრდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა კი 24 საათით განისაზღვრება. ვეტოს არგამოყენების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები საკუთარი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავენ. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.