ადგილობრივების პროტესტი ხერსონში

ხერსონში ადგილობრივები რუსული ძალების მიერ ქალაქის დაკავების გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდნენ. საპორტო ქალაქში, სადაც დაახლოებით 250 000 ადამიანი ცხოვრობს, რუსული ტანკები 2 მარტს შევიდნენ და 3 მარტს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ხერსონი არის პირველი მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარების კონტროლქვეშ მოექცა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მხარდამჭერი მიმართვა, სადაც ხერსონის მოსახლეობას მადლობას უხდის გმირობისთვის. „მამაცი ხერსონი არის შთაგონება მთელი უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის. ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გამოსულია რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ქუჩებში, შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების პირისპირ. მოვუწოდებ ყველას მთელ მსოფლიოში, გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა უშიშარი უკრაინელების მიმართ, რომლებიც ახლა ხერსონში არიან“, – წერს „ტვიტერში“ დმიტრო კულება.

ხერსონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმაც.