„ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აღარ სურს.
მიხეილ სააკაშვილის შემდეგ საქართველოს პასპორტზე უარს ზურაბ ადეიშვილიც ამბობს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან ერთ-ერთი პირველი წავიდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს და პერიოდულად კიევში სააკაშვილის გვერდით ჩნდება. ბოლოს ის უკრაინაში პროკურორის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. ადვოკატი არ ასახელებს მიზეზს, რის გამოც შესაბამის სამსახურში ექს-მინისტრმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განაცხადი შეიტანა. როგორც მისი თანაგუნდელები განმარტავენ, ადეიშვილი ახლა უკრაინის მოქალაქეა.
კობა დავითაშვილზე მომხდარი თავდასხმა, ტელე-კომპანია „იბერიას“, ციხის კადრების და ღვინის ქარხნის საქმე, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სისხლის სამართლის საქმეების, რომლებზეც ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალდებულის და მსჯავრდებულის სტატუსი აქვს.