ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნება.
კანონპროექტით განისაზღვრება, ასევე, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. კანონპროექტი, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.