ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას აქვეყნებს – „დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ, როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს“.
კინზინგერის განცხადებითვე, ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. „საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, – წერს ადამ კინზინგერი. მისი თქმით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ რჩება საქართველო-აშშ-ის მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების მხარდამჭერად.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია, – ამის შესახებ კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს. არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრასა და ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“, – წერს „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე არჩილ თალაკვაძე.