აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს გეგმავს

აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს გეგმავს.

ცვლილებების დამტკიცებამდე, ორი კვირის განმავლობაში იგეგმება პროექტის საჯარო განხილვები.

დღეს უმაღლესმა საბჭომ საჯარო განხილვების საორგანიზაციო 12-კაციანი კომისია დაამტკიცა, რომელშიც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

აჭარის კონსტიტუციის ცვლილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. სწორედ ამ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, თუმცა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, არ არის გამორიცხული, საჯარო განხილვების დროს გაითვალისწინონ ახალი ინიციატივებიც.

ცვლილებების პროექტი ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის.