აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარს გამოხმაურება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ჩანაწერს „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატად აფასებს. გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძის აზრით, არ არის გამორიცხული საქართველო რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაშიც დაეხმაროს და ეს საზოგადოებამ თვის ბოლოს დაგეგმილ აქციაზე უნდა გააპროტესტოს.
ზურაბ აბაშიძეს განმარტებების გასაკეთებლად პარლამენტის საგარეო კომიტეტში იბარებს სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისგან სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე დავალება მიიღო. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შექმნილ აჟიოტაჟს არავითარი საფუძველი არ აქვს და ოპოზიცია სპეკულაციას ეწევა.
აღნიშნულ ჩანაწერს ეხმაურება თავად ზურაბ აბაშიძე. ის პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი მასსა და კარასინს შორის შედგა და ის ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ რთულ ვითარებას ეხებოდა. მისივე თქმით, ამგვარი საუბარი ასეთ ვითარებებში ხშირად ხორციელდებოდა და მისთვის გაუგებარია, რა არის ამ ჩანაწერში სკანდალური.
აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი იუთუბ არხ „კიბერ კმარაზე“ გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ამბობს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებიც „პროდუქტიული იყო და აჩვენა ორმხრივი ინტერესი ზედა ლარსის და სხვა პრობლემების მოგვარებაში“.