პიეტრო პაროლინიმ გიორგი გახარიას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა
წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა. კარდინალ პიეტრო პაროლინის განცხადებით, ქართველი ექიმის გათავისუფლება საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
გიორგი გახარიასა და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
დღესვე პიეტრო პაროლინი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. არჩილ თალაკვაძესთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია იყო. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვატიკანის წარმომადგენლობამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.