1988 წლიდან გაძლიერებული ანტისაბჭოთა მოძრაობა 1989 წლის 9 აპრილს შემზარავი მოვლენებით და სისხლისღვრით დასრულდა. საბჭოთა ჯარის სისასტიკემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მძიმე დაზიანებები მიიღო ასეულობით დემონსტრანტმა. გენერალ როდიონოვის მიერ ჩატარებული სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია 9 აპრილს დილის ოთხ საათზე დაიწყო. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს იარაღით, ხელკეტებით, ნიჩბებით და სპეცსაშუალებებით სასტიკად გაუსწორდნენ, გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერებებიც. სურვილი, რამაც ათასობით ადამიანი 35 წლის წინ გააერთიანა, ორი წლის შემდეგ რეალობად იქცა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა.