7 ნოემბრის საქმე

7 ნოემბრის და „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი თავად სააკაშვილის წერილის საფუძველზე გადაიდო.

მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მოსამართლემ წაიკითხა, აცხადებდა, რომ წინააღმდეგია პროცესი მისი დასწრების გარეშე გაგრძელდეს, დასწრება კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია. სააკაშვილის ამ მოთხოვნის მიუხედავად, მისი ადვოკატები ითხოვდნენ, რომ პროცესზე სააკაშვილის დასწრების გარეშე ერთადერთი საკითხი განეხილათ, რომელიც ეხებოდა საქმის ხელახალ სასამართლო განხილვას მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის ცვლილების გამო. ამ შუამდგომლობის განხილვის წინააღმდეგი არც ბრალდების მხარე იყო, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გაითვალისწინა ბრალდებული სააკაშვილის მოთხოვნა და პროცესი გადადო 20 სექტემბრისთვის. დღესვე მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს, ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად გაუგრძელა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.