7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. 2007 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო პროტესტი და აქციები დარბევითა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრით დასრულდა. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს მაშინდელი ხელისუფლება რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით სასტიკად გაუსწორდა. რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეპიცენტრში რიყე მოექცა. აქციების ძალისმიერი დარბევის შედეგად მძიმე დაშავდა და დაზარალდა ასობით ადამიანი. დღის დასასრულს კი სპეცდანიშნულების რაზმი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხი გათიშა. 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.
მოვლენებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.