7 ნოემბრის და „იმედის“ საქმის განხილვა

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ საქმის განხილვა გაიმართა. განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.

დღეს ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო ნიკოლოზ სისაური, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილისთვის მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის ეპიზოდზე ისაუბრა. მოწმე, წარსულში დედაქალაქის მერიაში იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ დედაქალაქის მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კომპანიას ხელოვნურად შეუქმნა ბარიერები იმისთვის, რომ ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე პატარკაციშვილისთვის მთაწმინდის პარკი ჩამოერთმიათ.

ბრალდების მხარემ პროცესზე კიდევ ერთი მოწმე დაკითხა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში სამშენებლო კომპანიას ფლობდა. მოწმემ, მისი და ვანო მერაბიშვილის შეხვედრა გაიხსენა, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ წილების შესყიდვაზე იყო საუბარი.

პროკურატურის მტკიცებულებებს არ ენდობა დაცვის მხარე.