თითქმის შვიდი ათეული წელი ეთერში და პირველი მაუწყებლობა საქართველოში – პირველი არხი დღეს 66 წლის გახდა.
1956 წლის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია. დღე, როდესაც მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი არხი ყოველდღიურ რეჟიმში გაწვდით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და გთავაზობთ არაერთ პოლიტიკურ, შემეცნებით და გასართობ გადაცემასა თუ მეგაპროექტს. 1956 წლიდან დღემდე არხის მთავარი პრიორიტეტი უცვლელია: ერთგული მაყურებლის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და მოგაწოდოთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, ასევე მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ტელეპროდუქტი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტელევიზიამ დღეს სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს უმასპინძლა. „მადლობა ერთგულებისთვის“ – ამ სახელწოდებით ღონისძიება პირველი არხის შენობის ერთ-ერთ უძველეს, პირველ სტუდიაში გაიმართა.
ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სახეები და მაუწყებლობის 66-წლიანი ისტორია თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში.