საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ

საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ეხმაურებიან. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით გავაგრძელებთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

ახლადარჩეულ პრეზიდენტს მილოცვას უგზავნის ბელარუსის პრეზიდენტი. ალექსანდრ ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც.

ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა. მილოცვას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი, რომელიც მიესალმება ზურაბიშვილის განზრახვას, გააერთიანოს საზოგადოება და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები. განცხადებებს ასევე ავრცელებენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.