სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა დაასრულა.
5 ივლისის სასტიკ ძალადობაში ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. პატიმრობა მიუსაჯეს იმ პირებსაც, რომლებსაც ბრალად პირველი არხის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ედებოდათ. რუსთაველის გამზირზე საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მისული ჩვენი ოპერატორი თვალის და თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ძალადობაში ბრალდებულთა მიმართ დღეს გამოტანილი სასჯელი სხვადასხვა ვადით განისაზღვრა. რამდენიმე ბრალდებულს წაყენებული ბრალდებები შედარებით მსუბუქი მუხლებით გადაუკვალიფიცირეს, რის გამოც ბრალდების მხარე გადაწყვეტილებების გასაჩივრებას გეგმავს.