11 საათი რჩება საარჩევნო უბნების გახსნამდე.
ხვალ საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. არჩევნები მაღალი კონკურენციის და პანდემიის პირობებში ტარდება, რის გამოც თითოეულ უბანზე ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების პროტოკოლი იმოქმედებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები გატარებული ეპიდ-საწინააღმდეგო ზომებიდან გამომდინარე, უბნებზე დაინფიცირების რისკებს გამორიცხავენ და მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ურთიერთბრალდებების ფონზე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ და არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ პოლიტიკური სუბიექტებიც.
საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ცესკო-მ საარჩევნო ოლქებს ბიულეტენები, ყველა სხვა დოკუმენტაცია და ინვენტარი უკვე გადასცა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ 3 მილიონ 526 ათას 23 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად კი სულ 50 საარჩევნო სუბიექტი იბრძოლებს. საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიანი შემადგენლობა წელს განსხვავებული პროპორციით 120/30-ზე წესით დაკომპლექტდება.