ქვეყანა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების დროს დაღუპულებს იხსენებს.
შეკრების ადგილი უცვლელია – რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ზუსტად 30 წლის წინ, შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა. 21 მსხვერპლს შორის იყო 17 ქალი, მათ შორის რამდენიმე მოსწავლე.
დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან დილიდან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ტიტებით მიდიან. ყვავილით, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა.
მემორიალთან შეკრებილებმა დღეს ბევრი ისაუბრეს 30 წლის წინანდელი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავგანწირვაზე და იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა გარდამტეხმა დღემ ქვეყნის მომავალზე.