არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ფეხბურთელების მხრიდან მადლობის გადახდას პრემიისთვის, რომელიც მათ ფონდი „ქართუდან“ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სადებიუტო ასპარეზობისა და ჯგუფიდან გასვლისთვის გადაეცათ. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა და სამწვრთნელო შტაბმა უკვე მიიღო. ინფორმაცია ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და გულშემატკივარს ნაკრების სახელით მადლობას უხდის შრომის დაფასებისა და მხარდაჭერისთვის. ამ განცხადების გამო, გარკვეულმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელებში ფეხბურთელების ბულინგი დაიწყეს.