სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი პირები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.
ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.