თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი, – 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს მალევე დახვრიტეს. საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.