26 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა.
26 წლის შემდეგაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაცია ქვეყნის მთავარი გამოწვევაა. აფხაზური ენის და იდენტობის განადგურების საფრთხეზე კი ხელისუფლების პირველი პირები საერთაშორისო ტრიბუნებიდან საუბრობენ.
1993 წლის 27 სექტემბერი დღეს ტრადიციულად იმ მემორიალებთან გაიხსენეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აიგო.
26 წლის წინანდელი მოვლენების შეფასების გარდა დღეს მემორიალთან ბევრი ისაუბრეს, როგორ უნდა დაიწყოს ქართველებს და აფხაზებს შორის შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესი.
წლების შემდეგაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 000-ზე მეტი ადამიანი. მათი ნეშტების მოძიების, იდენტიფიცირების და გადმოსვენების პროცესი 2013 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს.