ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა არ წყდება.
26 ოქტომბრის არჩევნების შეფასება ევროკავშირის დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს. საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გადაწყდა, რომ ევროკავშირი საქართველოში საარჩევნო დარღვევების შესასწავლად და გასაანალიზებლად ტექნიკურ მისიას გამოგზავნის. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ეუთო-ოდირის ხელმძღვანელისგან არჩევნების დღეზე ვრცელ შეფასებას მოისმენენ. დემოკრატიული უკუსვლა, ევროკავშირის გზიდან ჩამოშორება, ფინანსური პროგრამების შეჩერება – საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილის ტონი საკმაოდ მკაცრია. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და პრეზიდენტის შეფასებებზე დაყრდნობით ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ. პოზიციები ორად გაიყო ევროპარლამენტშიც, სადაც ასევე საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. კრიტიკის და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მოწოდებების პარალელურად გაკეთდა სხვა შინაარსის განცხადებებიც. დეპუტატების ნაწილმა კოლეგებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩიეს.