კორონავირუსით სამი წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს პროკურატურის მიმართ პრეტენზიები აქვს. ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი საგამოძიებო უწყების გულგრილობაზე და უმოქმედობაზე საუბრობს. 20 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასწორად უმკურნალეს, პროცესში კი არაერთი თანამშრომლის ბრალეულობა და დოკუმენტების გაყალბების ფაქტები იკვეთება. ოჯახი საავადმყოფოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს და მხოლოდ ორი ადამიანის, ექთნის და თერაპიული სამსახურის უფროსის პასუხისგებაში მიცემას არასაკმარისად მიიჩნევს. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ფეხბურთელის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში კლინიკიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაქრა. გამოძიება 2021 წლის შემოდგომაზე გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.