გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ოც-ოცდაერთ ივნისს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. უწყების ცნობით, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე 10-მდე სამართალდამცველს, რომლებიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მათ შორის, გამოძიების დასრულებამდე დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს.