პოლიტიკური გადაჯგუფებების პარალელურად წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა აქტიურდება.
ცალკეული ოპოზიციონერი აქტორებისთვის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლებაზე გადის. სწორედ ეს გზავნილი გააჟღერა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებულმა გიგი უგულავამ, რომლის ტონი დანარჩენი ოპოზიციის მისამართით მწვავე იყო. პოლიტიკოსმა ოპოზიციურ ძალებს სააკაშვილის გარშემო პასიურობაზე პირდაპირ მიუთითა. თუმცა ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი აზრი არ არსებობს. შეცვლილია ტაქტიკაც. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქცენტირების ნაცვლად სააკაშვილის გუნდი ახლა სხვა ფაქტორებზე ცდილობს ყურადღების გადატანას. ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები საკუთარ მოთხოვნას ამყარებენ, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილი შესწორებაა. ყველა ამ გზავნილს ერთიან კამპანიად და მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად ნიადაგის მომზადებად მიიჩნევს ხელისუფლება.