გასული საუკუნის 20-იანი წლების მძიმე მემკვიდრეობის შესახებ მალე საზოგადოება დღემდე უცნობ მასალებს და ისტორიულ დოკუმენტებს გაეცნობა.
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1924 წლის საერთო-სახალხო აჯანყებიდან 100 წლისთავი არაერთი ღონისძიებით აღინიშნება. წინააღმდეგობრივი მოძრაობისა და აჯანყების მონაწილეთა დასჯის სასტიკი მეთოდები, გაძევებული ყოფილი თავად-აზნაურები, რეპრესიების ამსახველი ჩანაწერები – მძიმე ისტორიებს სხვადასხვა ფორმით გააცოცხლებენ.
საჯარო ლექციები, ვიდეოჩანაწერები და უნიკალური მასალები – ქვეყნის ისტორიის უმძიმეს პერიოდის ამსახველი დოკუმენტები ეროვნული არქივის ვებგვერდზეც განთავსდება. დაგეგმილია გამოფენაც.
1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.