ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ოთარ ფარცხალაძესთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ხელმოწერილი ბრძანებულება პრეზიდენტს ჯერ არ გამოუქვეყნებია. დასკვნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ მოამზადა და სალომე ზურაბიშვილს ორი დღის წინ გადაუგზავნა. ამ დრომდე პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ოთარ ფარცხალაძის მიმართ მიკერძოებული იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ უწყებამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ეტაპობრივად და ზედმიწევნით შეასრულა.