2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება – 14 წლის წინ ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბიდან რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი.
დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. დაიღუპა 412 მოქალაქე, მათ შორის 169 ჯარისკაცი, დაიჭრა 1 747 ადამიანი, 150 ათასამდე პირი დევნილად იქცა. 35 ათასი სახლი განადგურდა. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, ამ პროცესის შეწყვეტა კი საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს და უკანონო პროვოკაციულ მოქმედებებს განაგრძობს.