კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმს, კლინიკის დირექტორის დაჭრის ფაქტზე ბრალი წარედგინა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია და იარაღიდან მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა.
გამოძიების ინფორმაციით, 81 წლის ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაკავებული მედიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელებს.