უკრაინა ისევ იბომბება, დღეს ომის მე-12 დღეა – სარაკეტო დარტყმები არ წყდება. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩით“ მიიტანეს იერიში. დაბომბილია ქალაქის საცხოვრებელი კვარტალი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საოკუპაციო ძალები ნიკოლაევის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ ლუგანსკშიც. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აფეთქებულია ნავთობის საცავი, რომელიც რამდენიმე წელია არ მუშაობს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რაიონში საოკუპაციო ძალების კოლონა დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის შედეგად, რუსეთის საჯარისო ნაწილს აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის დანაკარგები.
მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შვიდი ტანკი და 50-მდე ჯარისკაცი გაანეიტრალეს. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა გაანადგურეს ხარკოვის მახლობლადაც. ვრცელდება ცნობები, რომ ხარკოვთან უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავიც ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარების მიერ ქალაქ ვინიცის აეროპორტის სარაკეტო დაბომბვის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.