16 წელი აგვისტოს ომიდან - საქართველო აგვისტოს ომის მსხვერპლებს გლოვობს
სახელმწიფო უწყებებზე დაშვებული დროშები და ხალხმრავლობა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების მემორიალებთან – ომიდან 16 წლის თავზე საქართველო აგვისტოს ომის მსხვერპლებს გლოვობს. ხუთდღიან ომს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 170 ჯარისკაცი. დაშავდა 2 000-მდე ადამიანი.
ომს შეწირული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ომში დაღუპულების ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დილიდან შეიკრიბნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აგვისტოს ხუთდღიანი ომი 2008 წელს არ დასრულებულა, რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებს დღემდე განაგრძობს. უკანონო დაკავებები, გადაადგილების უფლების შეზღუდვა და მცოცავი ოკუპაცია — 16 წელია, ადგილობრივების ყოველდღიურობაა. ომის წლისთავზე საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერ გზავნილებს იღებს. დასავლელი მეგობრები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, რუსეთს კი მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.