საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან დღეს 16 წელი გავიდა – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები, როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები.
რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. 150 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია.
ომიდან 16 წლის თავზე „მოამბის“ გადამღები ჯგუფი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში იმყოფებოდა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, ვინც ომის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა. გადამწვარი სოფლები, ომს შეწირული ოჯახის წევრები და მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება – ნახეთ ნინო ფისაძის რეპორტაჟი.