ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოში რუსეთის შეჭრას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და მოიტანა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი,“ – წერს ლატვიის საგარეო უწყება „ტვიტერზე“.
სლოვაკეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. „14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
აგვისტოს ომის 14 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომის საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა. ჩვენ არ დავივიწყებთ, – ესტონეთი ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, ის სოციალურ ქსელში განცხადებას წერს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის.