„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ” რეზოლუციაზე, რომელის ინიციატორიც პარტია „განაახლე ევროპაა“, ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება.
დოკუმენტი 18 პუნქტისგან შედგება და მათ შორის, გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონმდებლობის მიღებას და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ისინი. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას სასწრაფოდ შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს ხსენებული კანონები, ასევე გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რეალიზებაზე ზოგადად, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტში წერია: „კანონი ართმევს LGBTQ+ ადამიანებს მათ უფლებებს; „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის შემოღებიდან ორი დღის შემდეგ, კესარია აბრამიძე, ტრანსგენდერი მოდელი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მოკლეს საკუთარ ბინაში“; რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის პროცესში; კვლავ მოუწოდებს საბჭოს, განიხილოს პირადი სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში; მოუწოდებს ქართულ კომერციულ ბანკებს, განახორციელონ საერთაშორისო სანქციები; ასევე მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. რეზოლუცია ასევე კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების საშუალება; დოკუმენტის კენჭისყრა ხვალ გაიმართება.