ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე ისტორია აგვისტოს 5-დღიანი ომიდან.
შინდისის ბრძოლიდან დღეს 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შეტაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო, რუსი კაპიტანი იძულებული გახდა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ მოეთხოვა. შინდისის ბრძოლის ნაწილია ნათლიისა და ნათლულის ისტორიაც. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილებს კი ადგილობრივები სიცოცხლის რისკის ფასად უვლიდნენ. შინდისის მემორიალთან სამშობლოსთვის თავდადებული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.