აგვისტოს ომიდან 13 წლისთავს კიდევ ერთხელ ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 13 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რითაც ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო. „ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში და ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“ – ნათქვამია განცხადებაში.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისიც, რომელიც აგვისტოს ომს იხსენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ რთულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. ნედ პრაისი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა სახელმწიფო, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – ამის შესახებ ნათქვამია საუბარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს შვედეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს თავმჯდომარე ან ლინდე ამბობს, რომ შვედეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. „აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა“ – ამის შესახებ აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის.