ოთხთვიანი პოლიტიკური დაძაბულობის, ოთხი რაუნდის და არაფორმალური შეხვედრების შემდეგ კომპრომისული საარჩევნო მოდელი შეთანხმებულია.
ახლა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტად უნდა იქცეს ის ვარიანტი, რაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. მანდატების 120-30-ზე თანაფარდობა, 1%-იანი ბარიერი და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ე. წ. 40%-იანი ბარიერი, – ასეთია ხელმოწერებით დადასტურებული პოლიტიკური შეთანხმება, რომელსაც მისაღებად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. მანამდე მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ხელახლა უნდა დადგინდეს, რადგან 73-ის ნაცვლად 2020 წელს მოსახლეობა მხოლოდ 30 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
საპარლამენტო განხილვების პარალელურად კონსულტაციები ისევ გაგრძელდება ოპოზიციაში, რადგან ხელისუფლების ოპონენტები მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ. თუმცა, ზოგიერთმა პარტიამ შესაძლოა ამ გეგმისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს.