გორსა და შიდა ქართლის სოფლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სადაც რუსული აგრესია ყველაზე მძაფრად იგრძნეს და სადაც მცოცავი ოკუპაცია და პროვოკაციული ქმედებები ამ დრომდე გრძელდება, დღეს 2008 წლის მოვლენებს იხსენებენ. სოფელ ნიქოზში ჩავიდა პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ნიქოზის ამაღლების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ნიქოზი პრეზიდენტმა კომენტარის გარეშე დატოვა. შიდა ქართლში დღეს შინდისის გმირებიც გაიხსენეს. მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებიც 11 აგვისტოს უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.