12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში

გზა ივნისიდან ივნისამდე – მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ჩატარებული სამუშაოების ანგარიშით წარდგა.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-ვე რეკომენდაციას შესრულებულად აცხადებს. ამ არგუმენტით და ევროპის ქვეყნებში შეცვლილ განწყობებზე დაყრდნობით წლის ბოლოსთვის პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილების კონტექსტში მმართველი ძალის ლიდერი შანსს კვლავ 50-50-ზე ტოვებს და სკეპტიკოს ქვეყნებთან საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებას აანონსებს. „ქართული ოცნების“ ანგარიში არ ემთხვევა ევროკომისიის წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვით საქართველომ 12 პუნქტიდან მხოლოდ სამი შეასრულა, მედიის ნაწილზე პროგრესი ნული, დანარჩენ რვა პუნქტზე კი ნაწილობრივი პროგრესია. მსგავს შეფასებას მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმით ხსნის, რომ ევროკომისია ახლა შეცვლილი კანონების პრაქტიკაში აღსრულებას ითხოვს. ორი პუნქტი, რაზეც ხელისუფლება ევროკომისიისგან დამატებით კონკრეტიკას ელოდება, დეოლიგარქიზაციას და სასამართლო რეფორმას ეხება. რაც შეეხება პირველ, ანუ დეპოლარიზაციის რეკომენდაციას, „ქართული ოცნების“ ლიდერი პოლარიზაციაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ნაწილთან ერთად ცალკეულ ევროპარლამენტარებსაც აკისრებს.