საქართველო ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს.
10 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან. ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, თუმცა სიტუაცია 7 აგვისტოს გამწვავდა.
8 აგვისტოს დილით როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს.
რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი.
დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.
დაიღუპა 412 მოქალაქე, მათ შორის, 169 ჯარისკაცი. 1747 დაიჭრა; 150 ათასამდე პირი კი დევნილად იქცა. 35 000 სახლი განადგურდა. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი; ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს და უკანონო, პროვოკაციულ მოქმედებებს აგრძელებს.