10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გადასცეს.
ბათუმში ორი 16-სართულიანი კორპუსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდა. სამინისტრომ 154 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და ისინი სხვა დევნილ ოჯახებს გადაეცათ. ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.