#თვითმმართველობა2017 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისტორია
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნები დამოუკიდებლობა აღდგენილ საქართველოში 1998 წლის 15 ნოემბერს გაიმართა – საქართველოს ამომრჩეველმა პირდაპირი წესით აირჩია წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების წევრები.
თვითმმართველობების არსებობის 19 წლის განმავლობაში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:
პირველი – წინასაარჩევნოდ კანონმდებლობის ცვლილება – თუ 1998 წელს ავირჩიეთ საკრებულოს წევრები, უკვე 2002 წლის 2 ივნისს ამომრჩევლები ვირჩევდით სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოებს და გამგებლებს; სამ ქალაქში – რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში – საკრებულოებს და მერებს. თბილისსა და ფოთში – მხოლოდ საკრებულოს წევრებს – ფოთის და თბილისის მერებს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წლის არჩევნების წინ კანონი ისევ შეიცვალა – განისაზღვრა თვითმმართველობის 2 სახე – მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი – ამ უკანასკნელს განეკუთვნებოდა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი. თბილისის მერს კვლავ პრეზიდენტი ნიშნავდა. 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი იყო – ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევის შესახებ. 2014 წელს არჩევნები გაიმართა 71 მუნიციპალიტეტში. მერები და გამგებლები პირდაპირი კენჭისყრით იყვნენ არჩეულნი – გამარჯვებისთვის 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდა.
ტენდენცია მეორე – ტრადიციულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია იმარჯვებს. გამონაკლისი იყო 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როცა საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მანდატი ახალმა მემარჯვენეებმა მიიღეს – პარტიამ ქუთაისის მერის არჩევნებშიც გაიმარჯვა. თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა მაშინდელი მმართველი პარტია მოქალაქეთა კავშირი – თბილისელებმა უპირატესობა ლეიბორისტულ პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას მიანიჭეს.
და მესამე ტენდენცია – ამომრჩეველი სულ უფრო პასიური ხდება. 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა რეგისტრირებული ამომრჩევლის 68 პროცენტი. 2014 წლის არჩევნებში კი მხოლოდ 44 პროცენტი.