რუსუდან მანჯგალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი

უყურე და უსმინე ქართულს!

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პასუხისმგებლიანი მედია, რომლის ღირებულებები დაფუძნებულია სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე.

მისი მიზანია ევროპული ფასეულობების გაძლიერება და მაღალხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტით საზოგადოების ფართო წრის ინტერესის დაკმაყოფილება.

მიზნად ვისახავთ, აუდიტორიისთვის ვიყოთ სანდო, ამასთანავე, ვაცნობიერებთ საზოგადოების ნდობით დაკისრებულ  პასუხისმგებლობას.

ციფრული მაუწყებლობის განვითარების მიუხედავად, რომელიც მუდმივად ცვლის აუდიტორიის ქცევას და მაყურებლის თუ მსმენელის რაოდენობას, ტელევიზია და რადიო მნიშვნელოვან მედიასაშუალებად რჩება.

საქართველოს პირველი არხი

უყურე ქართულს! – ეს არის ეროვნული მედიაპროდუქციის წარმოების განვითარებაზე ორიენტირებული თამამი განაცხადი, ადგილი თამამი იდეებისთვის.

საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალური პლატფორმაა, რომელიც ითვალისწინებს მრავალფეროვანი ინტერესებისა და სხვადასხვა ასაკის მაყურებელთა ინტერესებს.

2021 წელს მაუწყებელი მიზნად ისახავს მეტი ქართული კონტენტის შექმნას, რათა სატელევიზიო ბადეში ეროვნული წარმოების მედიაპროდუქტის წილის მნიშვნელოვანი გაზრდა მოხდეს.

ჩვენ არ ვქმნით პროდუქტს მხოლოდ გართობისთვის, ჩვენ ვქმნით პროდუქტს შემეცნებისთვის. ამდენად, ჩვენ წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანა, გავხადოთ საინტერესო პოპულარული და პოპულარული – საინტერესო.

ჩვენი ვმუშაობთ ყველა პლატფორმაზე სპეციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით, რაც დარჩება მაუწყებლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

დისნეი საქართველოში!

მექანიკური პროდუქცია (მხატვრული ფილმები, სერიალები, დოკუმენტული ფილმები, დოკოკუმენტური სერიალები) სამაუწყებლო ბადეში დიდ წილს იკავებს. მისი შერჩევისას მაუწყებელი იმავე ფასეულობათა პრიზმით სარგებლობს, როგორც სხვა შემთხვევაში. ამდენად, თითოეული პროდუქტი ღირებულებით ფასეულობას წარმოადგენს. 2021 წლის გამორჩეული მოვლენა იქნება კომპანია „დისნეის“ ლიცენზირებული ანიმაცია და ფილმები, რომელსაც ქართული დუბლირებით მაყურებელი პირველად იხილავს.

სპორტი გვაერთიანებს!

2021 წელს მსოფლიო და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს საქართველოს პირველი არხის მაყურებელი იხილავს. სპორტული ტრანსლაციები არის უნიკალური სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც, ისე როგორც არც ერთ სხვა სატელევიზიო მოვლენას, შეუძლია საზოგადოების გაერთიანება. ამდენად, სპორტული ტრანსლაციების მრავალფეროვნება, განსაკუთრებით კი ასპარეზობები საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით, მნიშვნელოვანია, როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ასევე ერთი ინტერესის გარშემო გაერთიანების თვალსაზრისითაც.

იუნკერები – მრავალსერიანი ქართული კინო

ტელეფილმების გაერთიანება – მაუწყებლის უნიკალური ნაწილია, რომლის ანალოგი საქართველოს არც ერთ მაუწყებელს არ აქვს.

ტელეფილმების გაერთიანება, კინოცენტრის გარდა, ერთადერთი სივრცეა საქართველოში, სადაც კინოდოკუმენტალისტებს ფილმის გადაღების საშუალება ეძლევათ. მნიშვნელოვანია ამ სივრცის მეტად გახსნა, რათა საზოგადოებას მეტი ახალი საინტერესო სახელის აღმოჩენის საშუალება მივცეთ.

„იუნკერები“ ხუთსერიანი მხატვრული კინო, რომელიც 2021 წლის ამბიციური განაცხადი და გამოწვევაა. ისტორიული შინაარსის დრამა მომავალ წელს ჩაეშვება წარმოებაში.

ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის გაგრძელება

დღეს მაუწყებელი ათამდე გარეწარმოების კომპანიასთან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის შედეგად მაუწყებელი იღებს ისეთ პროექტებს, რომლებსაც არსებულ სამაუწყებლო ბადეში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს („მასტერშეფი“, „სეანსი“, „ვოისი“, „წიგნების თარო“, „მარტივი ლოგიკა“, „რა? სად? როდის?“, „კაცები“, „იდეალური დედა“) .

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ საუკეთესო სატელევიზიო პროდუქტს, ვასაქმებთ და ვეხმარებით გარე კომპანიებს განვითარებაში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს, რაც, თავის მხრივ, ხარისხის თამასის აწევას შეუწყობს ხელს.

ტელესკოლა არხი ახალგაზრდებისთვის

ტელესკოლა – ეს არის ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებული პირველი სატელევიზიო არხი. მაყურებელს შევთავაზებთ უსაფრთხო პროდუქტს, რომელიც ახალგაზრდებში სწორი ფასეულობების, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქის აღზრდის საქმეში შეიტანს წვლილს.

რადიო ტრადიცია და ინოვაცია

უსმინე ქართულს!

საქართველოს რადიო პირველი რადიოა ქვეყანაში, რომელიც 96 წელს ითვლის. ტრადიცია და ინოვაცია – მათი ჰარმონიული თანაარსებობა ერთ სივრცეში – ეს არის ხედვა, რომლის მიხედვითაც უნდა შევარჩიოთ თითოეული რადიოპროდუქტი.

უსმინე ქართულს! – კონცეფცია, რომელსაც ჩვენს მსმენელს ვთავაზობთ. მეტი ქართული კონტენტი, რომელიც სახელოვნებო და მომიჯნავე დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს, მაყურებელს კი მაღალი ხარისხის ქართულ კონტენტს შესთავაზებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი ერის მეხსიერება

მნიშვნელოვანია არქივის გაცოცხლება და ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებით დაწყებული პროექტები, რომლებიც ფონდებში დაცულ მასალებს მაყურებელ/მსმენელისთვის ხელმისაწვდომს ხდის, გაგრძელდება. ამ შეუქცევად პროცესს დაემატება ახალი პროექტი, რომელიც ფოტოფონდში დაცული მასალის დამუშავებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.

მაუწყებლის თითოეულ პლატფორმაზე სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით, ტექნოლოგიური გადაიარაღებით, რომელიც კონტენტის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებით, ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელი – ეს იქნება მაყურებლის გაფართოების, რეიტინგული ზრდისა და მაუწყებლის მიმართ ნდობის გამტკიცების წელი.