საქართველოს პირველი არხის განცხადება

16:13, 07.10.2026

საქართველოს პირველი არხის არქივის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი მცდარი ინფორმაცია. გვსურს, მკაფიოდ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქართული ტელემემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და საერთო მეხსიერებას ასახავს, დაცულია და გავრცელებული ფოტოები არ წარმოადგენს პირველი არხის ახალ საარქივო საცავებს.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ პირველი არხის არქივში საქართველოს ხმა და სახეა შენახული, ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან, მოვლენები, რომლებმაც ქვეყანა შეცვალა, ხელოვნება, რომელზეც თაობები გაიზარდა. ეს მემკვიდრეობა ჩვენამდე მრავალი ადამიანის შრომამ მოიტანა და სწორედ ამიტომ საზოგადოებას მკაფიოდ ვეუბნებით: ქართული ტელემემკვიდრეობა დაცულია და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მომავალ თაობებს სრულად გადაეცემათ.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად ჩატარდა ხანგრძლივი, რთული და თანმიმდევრული სამუშაო, განხორციელდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი – პირველი არხის არქივი ახალ შენობაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საცავებში განთავსდა, ხოლო ქართული კინომემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა.

ამ შედეგს წინ უძღოდა ხანგრძლივი და რთული პროცესი. ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ჩატარდა მასალების სორტირება, კატალოგიზაცია, დოკუმენტების სამეცნიერო და ტექნიკური დამუშავება და შესაბამის საცავებში გადატანა. ამ საქმის უკან დგანან სპეციალისტები, რომლებმაც ათასობით მასალას მოუარეს, აღრიცხეს და ადგილი მიუჩინეს. მათი შრომის ცრუ ბრალდებებით გადაფარვა უსამართლობა და უპასუხისმგებლობაა.

ძველ შენობაში დარჩენილი, უკვე გასხვისებული მასალების ფოტოებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი პირველი არხის ახალ საცავებშია გადაღებული და ქართული ტელემემკვიდრეობა განადგურების საფრთხის წინაშეა.

რეალობა საპირისპიროა – ახალ შენობაში გადასვლის ფარგლებში განხორციელდა მასშტაბური სამუშაო: ეროვნულ არქივს გადაეცა 1957 წლიდან 1998 წლამდე ქართული სატელევიზიო სტუდიის მიერ შექმნილი კინომასალები, საერთო ჯამში დაახლოებით 27 000 კოლოფი. მათ შორის არის რედაქციების მიერ 16 მმ კინოფირზე გადაღებული 2 454 ერთეული და „ქართული ტელეფილმის“ მიერ წარმოებული მხატვრული, დოკუმენტური და მუსიკალური ფილმები, ასევე საფონდო მასალები 35 მმ კინოფირზე, სულ 1 663 ერთეული.

ძველი საცავის შესაბამისი სტელაჟები სწორედ ამ მასალების განსათავსებლად გადაეცა საქართველოს ეროვნულ არქივს, ხოლო ჯართში მათი ჩაბარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრულ სიცრუეს წარმოადგენს.

საზოგადოებას ასევე განვუმარტავთ, რას წარმოადგენს ძველ შენობაში დარჩენილი მასალები და აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს ქართული საარქივო მემკვიდრეობა და ძველ კინოსაცავში არსებული სხვა კატეგორიის მასალები: კინოსაცავში ინახებოდა საკავშირო ტელეგაქირავების სისტემიდან მიღებული საბჭოთა რესპუბლიკებისა და უცხოური წარმოების ფილმების 14 709 ასლი. მათზე მაუწყებელი დიდი ხანია, აღარ ფლობს საეთერო გამოყენების შესაბამის უფლებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მრავალჯერადი ჩვენების შედეგად ფირები მნიშვნელოვნად იყო გაცვეთილი და ამორტიზებული.

ამ კატეგორიიდან ეროვნულმა არქივმა შეარჩია და გადაიტანა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ წარმოებული ქართული ფილმების 709 ასლი. დარჩენილი მასალები ეროვნულმა არქივმა, მათი სამართლებრივი სტატუსისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ ჩაიბარა. დუბლიკატები, ამორტიზებული ფირები და ყუთები აუქციონის წესით გადაეცა შემსყიდველ კომპანიას.

შეგახსენებთ, რომ კოსტავას ქუჩის №68-ში მდებარე შენობა აღარ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის საკუთრებას, ხოლო ეს ფოტოები არ ასახავს პირველი არხის ახალ საარქივო საცავებს და იქ დაცული არქივის მდგომარეობას.

უკვე გასხვისებული, ამორტიზებული მასალების ქართული ტელემემკვიდრეობის განადგურების მტკიცებულებად წარმოდგენა ფაქტების უხეში დამახინჯებაა. ასეთი ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლოდ აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას და უგულებელყოფს იმ სპეციალისტების შრომას, რომლებმაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საარქივო მემკვიდრეობის დაცვასა და მოწესრიგებაში დიდი სამუშაო გასწიეს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ანგარიშვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე. მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების, არქივის შენახვის პირობების შესახებ და კითხვებს ვუპასუხოთ ფაქტებითა და შესაბამისი დოკუმენტებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დაუშვებელია და ცდება გამოხატვის უფლებას.

მოვუწოდებთ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლებს, მყისიერად გაასწორონ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ბრალდებები და საზოგადოებას იმავე საჯარო სივრცეში მიაწოდონ მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული, გადამოწმებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება ჩვენ მიერ საჯაროდ მიწოდებული ფაქტების უგულებელყოფად.

საქართველოს პირველი არხი დაიცავს საკუთარ საქმიან რეპუტაციას და ამ საქმეში მონაწილე ადამიანების პროფესიულ ღირსებას. ცრუ ბრალდებების გავრცელების შემთხვევაში, მაუწყებელი განიხილავს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებას.

ჩვენი არქივი ჩვენი საერთო მეხსიერებაა. მის დასაცავად გაწეული შრომა საზოგადოებამ სიმართლით უნდა შეაფასოს. ამ მემკვიდრეობის სახელით ადამიანების შეცდომაში შეყვანა კი კატეგორიულად დაუშვებელია.

მსგავსი